css3 dropdown menu by Css3Menu.com

27 თებერვალი 2017 წელი

„გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ დელეგატები უმაღლეს საბჭოში

25 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო„შერატონში“ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა - 2017“ გაიხსნა და მასში ჩვენი რეგიონის 600-მდე მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობს. ღონისძიების უმთავრესი მიზანი თანამდეროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და მათში ახალგაზრდობის ჩართულობის გააქტიურებაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო - დემოკრატიული ღირებულებებისათვის“ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ფორუმის დელეგატთა ნაწილი 27 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ესტუმრა. საკანონმდებლო ორგანოში ახალგაზრდებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა და აპარატის თანამშრომლებმა უმასპინძლეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა შეხვედრის მონაწილეებთან კანონშემოქმედებით პროცესებსა და მათთვის საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს, უპასუხეს სტუმრების შეკითხვებს, რომელთა უმეტესი ნაწილი პროფესიის სწორად არჩევას, განათლების სხვადასხვა საფეხურზე არსებულ ცალკეულ ნიუანსებს, მომავალი სპეციალისტების დასაქმებას და რიგ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. ახალგაზრდებმა კანონმდებლებთან გულწრფელად ისაუბრეს საგანმანათლებლო სისტემაში მათ მიერ დანახულ ხარვეზებსა და პრობლემებზე. მათ, ასევე, გამოთქვეს მოსაზრებები, რომლებიც მათი თვალთახედვით, ამ საკითხების მოგვარებისათვის მნიშვნელოვანია და მოისმინეს კანონმდებელთა რეკომენდაციები.

უმაღლესი საბჭოს წევრებთან მსჯელობამ შეხვედრის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს სხდომებზე დასწრების სურვილი გაუჩინა. მერაბ კარანაძე და ვლადიმერ მგალობლიშვილი ახალგაზრდებს თანადგომას დაჰპირდნენ.

-ხვალ, შესაძლოა, ნებისმიერი თქვენგანი ვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ სადაც არ უნდა იყოთ, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, უნდა იცოდეთ, რომ თითოეულმა თქვენი წვლილი უნდა შეიტანოთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ.

ახალგაზრდებს, პირველ რიგში, მომავალი პროფესიის სწორად შერჩევა და შემდგომი წარმატებები უსურვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა:

-პროფესიას, რომელსაც აირჩევთ, სათანადოდ უნდა დაეუფლოთ, ვინაიდან წარმატებულ მომავალს სწორედ პროფესიონალიზმი განაპირობებს, -აღნიშნა მან.

შეხვედრის დასასრულს „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ დელეგატებმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადეს და მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია