აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ზაურ ახვლედიანი, ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ არქეოლოგიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ცნობილი არქეოლოგების - ამირან კახიძისა და შოთა მამულაძის ხსოვნას მიეძღვნა, სააგენტოს ხელმძღვანელმა - ზაურ ახვლედიანმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ძეგლთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, კიდევ ერთხელ გაიხსენეს აწ გარდაცვლილი ცნობილი მეცნიერები და მათი წვლილი ისტორიული წარსულის შესწავლის საქმეში.
კონფერენციაზე, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მკვლევრები მონაწილეობდნენ, წარმოდგენილი იყო მოხსენებები საქართველოს არქეოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, ქვის ხანიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდის თემატიკასა და ბოლო დროის კვლევებზე, შესწავლილ ძეგლებზე.