აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, არჩევის წესი და უფლებამოსილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული არაუმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც. უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რაოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ხოლო მათი არჩევის წესი − საქართველოს კანონმდებლობით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია.
უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი. შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
უმაღლესი საბჭო:
ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სხვა კანონებს;
ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;
დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის
კანონს;
ე) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებსა და საპატიო წოდებებს;
ვ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.