დანართი N1

დამტკიცებულია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის

2021 წლის  06 აპრილის  N13 ბრძანებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრესკონფერენციის გამართვისა და  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის

 წ ე ს ი 

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

               მუხლი 1

 1. ეს წესი განსაზღვრავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში (შემდგომში უმაღლესი საბჭო) აკრედიტაციის გავლის პროცედურას და პრესკონფერენციის გამართვის წესს (წინამდებარე წესი ხელმისაწვდომია უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე sca.ge).

2. უმაღლეს საბჭოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღების პროცედურას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი, ხოლო აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

3. უმაღლეს საბჭოში აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების სამართლებრივი მდგომარეობა და პროფესიული მოღვაწეობა რეგულირდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით და ამ წესით.

 თავი II.  აკრედიტაციის გაცემის წესი

               მუხლი 2

 1. უმაღლეს საბჭოში აკრედიტაცია შესაძლებელია გაიარონ როგორც საქართველოს, ასევე უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა, ელექტრონული და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემების, რადიო, ტელე, ვიდეო, ფოტო, კინო და დოკუმენტური პროგრამების ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა და რედაქტორებმა, ტექნიკურმა პერსონალმა.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია შესაძლებელია გრძელვადიან, დროებით და სპეციალურ საფუძველზე.

            ა) გრძელვადიანი აკრედიტაცია (გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით);

            ბ) დროებითი აკრედიტაცია (გაიცემა 3 (სამი) თვის ვადით);

             გ) სპეციალური აკრედიტაცია (გაიცემა საშვის საფუძველზე).

3. აკრედიტაციის მისაღებად (გარდა სპეციალური აკრედიტაციის) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

    ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელობის წერილობითი განცხადება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სახელზე, მისი წარმომადგენლის აკრედიტაციის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაკავებული თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერი;  

   ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის მიერ N2 დანართის შესაბამისად შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური სააკრედიტაციო ფორმა;    

   გ)  2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3სმX4სმ;

   დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი/პირადობის ელექტრონული მოწმობა) ასლი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტში მატერიალური სახით ან ელექტრონული ფორმით PDF ფორმატში უმაღლესი საბჭოს ელექტრონულ ფოსტის მისამართზე (contact@sca.ge.).

5. სპეციალური აკრედიტაცია (საშვი) გაიცემა ერთჯერადად უმაღლესი საბჭოს საშვთა ბიუროში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტთან კოორდინაციით. ასევე, სპეციალური აკრედიტაციის მიღების მიზნით, უმაღლესი საბჭოს აპარატს შეიძლება მიმართოს თავისუფალმა ჟურნალისტმა (Freelancer) ან/და ბლოგერმა.

6. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილია, უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი წერილობით აცნობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლობას ამის შესახებ და 5 (ხუთი) დღის ვადაში სთავაზობს სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენას. შეტყობინება შესაძლებელია გაიგზავნოს აკრედიტაციის ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

7. მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმა, გაცემული აკრედიტაციის შეჩერება და/ან გაუქმება დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:   

     ა) წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ყალბ მონაცემებს;

     ბ) სააკრედიტაციო ბარათი გადაცემულია სხვა პირზე;

     გ) წარმოდგენილია მასობრივი ინფორმაციის საშუალების   ხელმძღვანელობის წერილობითი განცხადება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის სახელზე, მისი წარმომადგენლის აკრედიტაციის შეჩერების ან/და გაუქმების თაობაზე.

8. გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების შესახებ იღებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი, გრძელვადიანი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, დროებითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სპეციალური აკრედიტაციის შემთხვევაში იმავე დღეს.

9. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი.

10. აკრედიტაციის ვადის გასვლამდე 30 (ოცდაათი) დღით ადრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი მიმართავს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს განმეორებითი აკრედიტაციის მისაღებად.

11. აკრძალულია ვადაგასული სააკრედიტაციო ბარათის გამოყენება.

12. გაცემული სააკრედიტაციო        ბარათის          ასლი   (თანდართული         დოკუმენტაციით) დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტში.

13. სააკრედიტაციო ბარათის დაკარგვის      შემთხვევაში, მასობრივი      ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი ვალდებულია აცნობოს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, დუბლიკატის გაცემის საკითხი განიხილება ორი კვირის განმავლობაში.

14. ინტერვიუს მიღების მიზნით შეხვედრა შესაძლოა განხორციელდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტთან კოორდინაციით. ხოლო უმაღლეს საბჭოში გამართულ ღონისძიებებზე, ბიუროს, კომიტეტის ან/და უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, ასევე უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედი სათათბირო საბჭოების სხდომებზე დასწრება ხორციელდება სააკრედიტაციო ბარათის საშუალებით. 

15. უმაღლეს საბჭოში აკრედიტირებულ პირთა დაშვების გრაფიკი განისაზღვრება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებისა. არასამუშაო საათებში შენობაში დაშვების საკითხი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის, მიმდებარე ტერიტორიისა და შენობაში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად.

16. უმაღლეს საბჭოში განხორციელებული ან/და   განსახორციელებელი           სიახლის საზოგადოების სწრაფად ინფორმირებულობის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეიძლება გაიმართოს პრესკონფერენცია.

17. პრესკონფერენციის გამართვას      და       აკრედიტებული        მედია საშუალებების ინფორმირებულობას     ახორციელებს            უმაღლესი      საბჭოს            აპარატის      საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი. 

 

თავი III. სააკრედიტაციო ბარათის ფორმა და ტექნიკური აღწერილობა

 

მუხლი 3        

1. უმაღლესი საბჭოს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს გადასცემს სააკრედიტაციო ბარათს N3 დანართის შესაბამისად.

2. სააკრედიტაციო ბარათი ორმხრივი და ფერადია, მასზე გამოსახულია უმაღლესი საბჭოს ლოგო.

3. სააკრედიტაციო ბარათზე მითითებულია შემდეგი მონაცემები:

      ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის სახელი და გვარი;

      ბ) სააკრედიტაციო ბარათის ნომერი;

      გ) მედიის სახელი, რომელსაც წარმოადგენს წარმომადგენელი;

      დ) სააკრედიტაციო ბარათის მოქმედების ვადა;

      ე) წარმოდგენის შემთხვევაში, დასაშვებია ბარათზე განთავსდეს მედია-საშუალების ლოგო.  

     

4. სააკრედიტაციო ბარათზე განთავსებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის ფოტო.

5. სააკრედიტაციო ბარათი ხელმოწერილია უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მიერ.

 

 თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი 4

1. ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ბრძანებით.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება მასობრივი ინფორმაციის საშუალების   აკრედიტებულ          წარმომადგენელს      თავისი             პროფესიული ვალდებულებების განხორციელებაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.