კომიტეტები:
• აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი
• ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი
• განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი
• საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
• საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი
• ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები და უფლებამოსილებები
საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების (ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის შესაბამისად უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის უმაღლესი საბჭოს წინაშე სხვა სახით ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი) საქმიანობის კონტროლს უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით.
კომიტეტი უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და მუდმივი სუბიექტია.
უმაღლესი საბჭოს კომიტეტებია:
ა) აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა;
ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა;
გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა;
დ) საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა;
ე) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.
უმაღლესი საბჭო ახალი კომიტეტის შექმნის ან/და არსებულის გაუქმების/დასახელების ცვლილების საკითხს წყვეტს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანის გზით, რეგლამენტის მიღებისათვის დადგენილი წესით.
კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
კომიტეტების უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით.
კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის ამზადებს საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებსა და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს;
გ) განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტებს და შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს;
დ) აკონტროლებს საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს;
ე) ახორციელებს კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს;
ვ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;
ზ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;
ზ1) კომიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და აქვეყნებს მას უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე;
თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.
კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.