css3 dropdown menu by Css3Menu.com

18 აპრილი 2017 წელი

პლენარულ სხდომაზე სამი საკითხი განიხილება

18 აპრილს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა, საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში ჩაეშვა. ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომისია და განხილვის ვადები.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება პირველი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელსაც ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარადგენს. შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარუდგინა. ინიციატივის თანახმად, რეგიონში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებელთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროზე დელეგირდება. კანონის პროექტს უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომისიებსა და ფრაქციებში ორი კვირის ვადაში განიხილავენ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

პლენარულ სხდომაზე განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეს ინიციატივა, წამყვანი კომისიის დასკვნის თანახმად, მიზანშეუწონელია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ასევე განიხილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

ბიურომ განსაზღვრა 20 აპრილის პლენარული სხდომის დღის წესრიგი.

« უკან დაბრუნება


Copyright © 2015  ყველა უფლება დაცულია