აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-2 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 მარტის №35-უ.ს.გ.ს. დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge), 20.03.2017წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240080.31.056.016052).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                  დავით გაბაიძე

ბათუმი,

2 მარტი 2021 წ.

N19-IIს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
გენდერული თანასწორობის საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო).

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, სტრუქტურა, შემადგენლობა, მუშაობის წესი და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და ამ დებულებით.

თავი II

საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

მუხლი 2

საბჭო ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომ – უმაღლესი საბჭო) მიერ გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვასა და დასამტკიცებლად მომზადებას, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

მუხლი 3

საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება და კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

ბ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება და უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივის წესით. დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ) საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

დ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;

ზ) საჭიროების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმაღლეს საბჭოში დაბარება და მათგან ინფორმაციის მიღება;

თ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

კ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ან/და ექსპერტების მოწვევა, თემატური ჯგუფების, საკოორდინაციო კომისიის შექმნა;

ლ) მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 4

გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საბჭო:

ა) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი წყაროებით ავრცელებს ინფორმაციას საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და ავრცელებს განცხადებებს ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების შესახებ;

გ) კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიებს მათში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;

დ) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან.

მუხლი 5

საბჭო წელიწადში ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 6

საბჭო უფლებამოსილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს უმაღლესი საბჭო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.

თავი III

საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა

მუხლი 7

1. საბჭოს თავმჯდომარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

2. საბჭოს წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს შემადგენლობას უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

4. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

თავი IV

საბჭოს მუშაობის წესი

მუხლი 8

1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:

ა) საბჭოს თავმჯდომარეს;

ბ) საბჭოს წევრებს.

4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 9

საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.

ავი V

დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

მუხლი 10

ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს დადგენილებით.