27 იანვარი

    „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ (USAID) მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების რიგით მეექვსე საჯარო განხილვა გამართა.

    კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე დეტალურად ისაუბრა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებითაც კონკრეტდება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და იზრდება მისი კომპეტენციები.

    კანონის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები გამოხატეს საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - პეტრე ზამბახიძემ, დავით ბაციკაძემ, ასლან ჭანიძემ („თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“), თენგიზ თევზაძემ (აკადემიური წრეების წარმომადგენელი).

    საორგანიზაციო კომისიის წევრებმა უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს, მისრ კომპეტენციებს, რეგიონულ მმართველობას დაქვემდებარებული ქონების განკარგვას, საარჩევნო სისტემას და რიგი უფლებამოსილებების დელეგირებას შეეხებოდა.

    საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის განხილვა იმავე დღეს, პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის დარბაზში გაგრძელდა. შეხვედრა, რომელსაც პროფესიული გაერთიანებისა და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უმაღლესი საბჭოსა და საორგანიზაციო კომისიის წევრმა ილია ვერძაძემ გახსნა.        

    საორგანიზაციო კომისიის წევრებმა ისაუბრეს იმ ძირითად ცვლილებებზე, რაც ასახულია ახალ საკონსტიტუციო კანონის პროექტში.