16 მარტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 16 მარტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. თუმცა, მათ განხილვამდე, რეგლამენტის შესაბამისად, დრო განცხადებებს დაეთმო და დეპუტატები ამ დღეებში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. არაერთგვაროვანი შეფასებების, კითხვების, ბრალდებებისა და მოსაზრებების მიუხედავად, კანონმდებლებმა დაგმეს მომხდარი და გაემიჯნენ ძალადობას.

-ყველა, ვინც ამ ვანდალიზმს ჩადიოდა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჩვენ ყველამ და, პირველ რიგში ხელისუფლებამ, ღრმა ანალიზი უნდა გავაკეთოთ თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რა იყო საფუძველი იმისა, რაც მოხდა, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კანონმდებელთა განცხადებების შეჯამებისას.

როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, ვიღაცამ ეს პროტესტი პოლიტიკური ქულების დასაწერად და უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციისათვისაც გამოიყენა, მაშინ როდესაც უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატის თანამშრომლები მოვლენების ეპიცენტრში იყვნენ და ვანდალური აქტების შედეგად მათ არა მხოლოდ მორალური და ფიზიკური, არამედ მატერიალური ზიანიც მიადგათ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გულისტკივილი გამოხატა იმის გამო, რომ მომხდარმა ყველაზე დიდი და შეუფასებელი დარტყმა ჩვენი რეგიონის, ზოგადად, ქვეყნის იმიჯს მიაყენა.

მტკივნეული და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარმოადგინა, ერთხმად დამტკიცდა.

კანონმდებლებმა ასევე ერთსულოვნად მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა. გენდერული თანასწორობის საბჭო ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით, 9 მარტს შეიქმნა. 8-წევრიან საბჭოს ნინო ჩხეტია ხელმძღვანელობს. ცვლილების თანახმად, გენდერული თანასწორობის საბჭოს აპარატის მუშაობაში საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ის საჯარო მოხელეებიც ჩაერთვებიან, რომლებსაც ამ მიმართულებით სათანადო გამოცდილება გააჩნიათ.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა დღის წესრიგის ბოლო საკითხიც - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე, 19 ხმით დამტკიცდა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე მისმა ადგილმონაცვლემ - ასმათ დიასამიძემ ჩაანაცვლა.

16 მარტის პლენარულ სხდომას 19 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ იმყოფებოდა ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი.