საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

01 დეკემბერი

      „90 წელი მხოლოდ თარიღი არ არის, ამ ციფრების უკან დიდი ისტორიაა. ბათუმის უნივერსიტეტთან ერთად გავიზარდე და 28 წელია ამ ისტორიით ვცხოვრობ, აქედან 23 წელი პედაგოგი ვარ. განათლება, უპირველესად, პასუხისმგებლობაა - თითოეული ჩვენგანი უნდა ემსახუროს ქვეყანას, საზოგადოებას. ეს დღე ჩემთვის განსხვავებულია და ვგრძნობ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ზუსტად ისეთს, როგორსაც შვილი გრძნობს მშობლის წინაშე“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მშობლიურ უნივერსიტეტს, სტუდენტებს, აკადემიურ, სამეცნიერო პერსონალსა და ყველა კურსდამთავრებულს საიუბილეო თარიღი მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
     საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ბსუ-ს რექტორმა - ტიტე აროშიძემ გახსნა, სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს სიგელებითა და შოთა რუსთაველის მედლებით დაჯილდოვდნენ უმაღლესი სასწავლებლის გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები. აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს დამსახურებული ჯილდოები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გივი მიქანაძემ, მინისტრის მოადგილემ - ზვიად გაბისონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ბსუ-ს რექტორმა - ტიტე აროშიძემ გადასცეს.
საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც უნივერსიტეტის 90-წლიანი ისტორიის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენებითა და საზეიმო კონცერტით დასრულდა, აირჩიეს ბსუ-ს საპატიო დოქტორები.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი