ბათუმში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის -„ხალხის ძალა“ გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიაში სახელწოდებით - „დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ილია ვერძაძე მონაწილეობდა.
შეხვედრა გახსნეს და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა ლომინაძემ, პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ - დიმიტრი ხუნდაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ - მარიამ ლაშხმა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ.
ორდღიანი გასვლითი შეხვედრის პირველი დღე საქართველოს დემოგრაფიულ პოლიტიკას, კანონმდებლობასა და სახელმწიფო პროგრამებს დაეთმო. გაიმართა დისკუსია. სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია, შეხვედრის მეორე დღეს, მონაწილეებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისგან - მიხეილ სარჯველაძისგან მოისმინეს. ამავე თემაზე გამართული დისკუსიის დასრულების შემდეგ კი, აჭარაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროგრამებზე, „უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის შესახებ ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ზაალ მიქელაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე წარდგნენ. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობასა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს, ასევე სამომავლო გეგმებზე მსჯელობასა და რეკომენდაციათა პაკეტის შემუშავებას დაეთმო.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, ცოტნე ანანიძე, ფატი ხალვაში და დარგობრივი კომიტეტის აპარატის უფროსი - ლეილა ღოღობერიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.