ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, „ვარდისფერი ოქტომბერი“ ქალთა ჯანმრთელობის თემაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომლსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ფატი ხალვაში და მარინე გვიანიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო წილოსანთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სპეციალისტების, პაციენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით, ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის პოპულარიზაციას და ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე ღია დიალოგის წარმართვას.
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი მონაწილეებს მიესალმნენ და ინფორმაცია გააცნეს ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და მხარდაჭერის , ცნობიერების ამაღლების მექანიზმების მნიშვნელობაზე.
მონაწილეებმა მოისმინეს გამოჯანმრთელებული პაციენტების ისტორიები სენის დამარცხებისთვის გაწეული მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ, ასევე მიიღეს პროფესიული რეკომენდაციები რეგიონის წამყვანი ონკოლოგებისგან.
აჭარაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, აჭარაში ცენტრის ეგიდით დაგეგმილი და მიმდინარე უფასო სკრინინგ აქციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ქვეყანაში სრულყოფილად მოქმედებს კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციულ გამოკვლევებს. გარდა ამისა, სახელმწიფო სრულად აფინანსებს ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობას, მათ შორის: ქირურგიულ ჩარევას, ძვირადღირებულ მედიკამენტურ მკურნალობას, ქიმიო და სხივურ თერაპიებს.