აჭარაში საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები ინტენსიურად ხორციელდება. დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჯიხანჯურისა და აჭყვისთავის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ გვარაში თანამდეროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა.
სრულად რეაბილიტირებული და ახლად აშენებული საგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, ქობულეთის დელეგატმა უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძემ, განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა - ირაკლი ცეცხლაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
სსიპ ომარ ასლანიძის სახელობის ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში დასრულდა მთლიანი შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შეიცვალა კარ-ფანჯრები. ფასადი შეიფუთა საფასადე ფილებით. კეთილმოეწყო ტერიტორია, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, სასპორტო, სააქტო დარბაზები და სხვა სივრცეები. დამონტაჟდა სახანძრო სიგნალიზაცია. სკოლა გათვლილია 400 მოსწავლეზე.
ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა აჭყვისთავის საჯარო სკოლაშიც, რომელიც 250 მოსწავლეზეა გათვლილი.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 105 აღსაზრდელზე გათვლილი, 3- ჯგუფიანი საბავშვო ბაღი აშენდა სოფელ გვარაში. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კუთხეები სხვადასხვა აქტივობისთვის. კერძოდ: ანბანის და მათემატიკის ცენტრი, მოსასვენებელი სივრცე, წიგნიერების კუთხე, თეატრალური სივრცე და ხელოვნების ცენტრი. შენობაში მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა. ბაღის ეზოში განთავსდა - საბავშვო ატრაქციონები, ქვიშის მინიმოედანი. ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.