ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი პირველკურსელთა საზეიმო მიღებით გაიხსნა. უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილე, პირველკურსელთა 90-ე მიღება და სასწავლო წლის დაწყება ახალგაზრდებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ბსუ-ს რექტორმა - ტიტე აროშიძემ მიულოცეს.
საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე ესწრებოდნენ, დაჯილდოვდნენ 100%-იანი გრანტის მქონე პირველკურსელები და ის პირველსემესტრელი სტიპენდიატები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისას პირველ ადგილზე აირჩიეს ბსუ და მესამე სავალდებულო არჩევით საგანში მიიღეს მაღალი ქულა. გარდა ამისა, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 100%, 70% და 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი ბსუ-ს 130 პირველკურსელი 2000, 1000 და 500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებს.
წელს, ბსუ-ში, ერთიანი ეროვნული გამოცდებით 1632 ბაკალავრი და 216 მაგისტრი ჩაირიცხა. 400-მდე პირველკურსელი 12 პრიორიტეტულ პროგრამაზე ისწავლის. უნივერსიტეტი კვლავ რჩება ერთ-ერთ მოთხოვნად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად და საქართველოს უნივერსიტეტების ხუთეულშია.
უმაღლესი სასწავლებლის 7 ფაკულტეტზე 7 300 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 750-მდე უცხოელია.