„ტურიზმისა და მშენებლობის სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, მომავალშიც ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა ამ ორი სექტორის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, „ორბი ჯგუფის“ ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის - ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ახალი კომპლექსის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, სულხან თამაზაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ORBI Continental-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა და “ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა - ირაკლი კვერღელიძემ. როგორც აღინიშნა, საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს ობიექტს, რომელიც მომავალში ბათუმის ახალი სავიზიტო ბარათი იქნება.
პროექტში, რომელიც სანაპირო ზოლში ორი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. მშენებლობის ეტაპზე - 1 500, ხოლო სასტუმრო-კომპლექსის ამოქმედების შემდეგ - 2 000 ადამიანი დასაქმდება.