აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი, განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან ერთად, საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა, რომელიც წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს, რამდენიმე წელია ხორციელდება. ამასთან, მასში უკვე სამივე საფეხურის - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები მონაწილეობენ.
„განათლების სფეროს, უმაღლესი საბჭოს სახით, დიდი გულშემატკივარი ჰყავს. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში არაერთი პროგრამა ხორციელდება ამ მიმართულებით და მისასალმებელია, რომ ყოველწლიურად იზრდება მსგავს პროგრამებში მონაწილეთა რაოდენობაც და მათი დაფინანსებაც“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.
განათლების, როგორც ერთ-ერთი პრიოტეტული მიმართულების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მსგავსი პროგრამებით ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებს უქმნის.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს საგანმანათლებლო სფეროს მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ პოლიტიკასა და მის მნიშვნელობაზე, მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრებები, უპასუხეს მათ კითხვებს.
შეხვედრის მონაწილეებს, განათლებისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, კიდევ ერთი ახალი ინიციატივის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განხორციელებაც 2025 წლის სექტემბრიდან იგეგმება. საუბარია სემესტრულ სტიპენდიებზე, რომლებიც წარჩინებულ სტუდენტებზე გაიცემა.