ბათუმში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სახელობის სკვერში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავგანწირული გმირები გაიხსენეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
გმირებს პატივი მიაგეს ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატებმა ყვავილებით შეამკეს ომში დაღუპულთა საფლავები და მემორიალი.
აგვისტოს ომს 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
8 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.