„შუამთობა“ სტუმარმასპინძლობის დღესასწაულია, მთაში კი, განსაკუთრებით უყვართ სტუმარი, ამიტომაც მადლობას გიხდით ყველას ჩვენი დღესასწაულის გაზიარებისთვის. ეს გახლავთ ტრადიცია, რომელსაც ძლიერი ფესვები აქვს და რომელიც მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში გამართულ „შუამთობაზე“.
ადგილობრივ მოსახლეობას, მემთეურებს, სტუმრებს ტრადიციული სახალხო დღესასწაული მიულოცეს: ქვეყნის პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
„შუამთობა 2025-ს“ საქართველოს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა კონფესიისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. „შუამთობა“, ყოველწლიურად, როგორც წესი, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ამ დღეს მთაში მყოფ მოიალაღეებს ნათესავები სტუმრობენ, იმართება კონცერტები, სხვადასხვა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციულად დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები, გაიმართა ნიშნობის ცერემონია - ბეჭედის გადაცემა პატარძლისთვის.