აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
საკითხი, ბიურის წევრებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს.
საკანონმდებლო პაკეტის მომზადება საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული.
დავით გაბაიძის განმარტებით, პაკეტი საკმაოდ ბევრ ტექნიკურ ცვლილებას ითვალისწინებს, თუმცა, მათგან საგულისხმოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრთა შერჩევის საკითხი და პროცედურები. მოქმედი კანონმდებლობით, უსკო-ს წევრების შესარჩევ კონკურსს აცხადებდა აჭარის მთავრობა და შემდგომ მათ წარუდგენდა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. ცვლილების თანახმად, ამიერიდან უსკო-ს წევრთა შესარჩევ კონკურსს გამოცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭო და მთელი პროცედურა წარიმართება საკანონმდებლო ორგანოში.
გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, მაქსიმალურად დგინდება შეზღუდვები მათთვის, ვისაც არ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ უსკო-ს წევრის შესარჩევ კონკურსში. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ უპარტიო კანდიდატებს, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ მიუღიათ მონაწილეობა საარჩევნო კომისიებში როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენლებს, ასევე კანდიდატებს, რომლებიც არ არიან რომელიმე პარტიის შემომწირველები, არ წარმოადგენდნენ საარჩევნო სუბიექტებს.
განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.