საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მამუკა თურმანიძე უძღვებოდა, ირაკლი ბოლქვაძისა და გოჩა გუგუნავასთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
მამუკა თურმანიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები - ირაკლი ბოლქვაძე და გოჩა გუგუნავა, უმაღლესი საბჭოს 2025 წლის მორიგი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში გამართული 3 მორიგი პლენარული სხდომიდან, არასაპატიო მიზეზით, არ დაესწრებიან არცერთ სხდომას, მაშინ როდესაც საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი და შესაბამისი კანონმდებლობა, უმაღლესი საბჭოს სხდომათა ნახევარის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს. ამდენად, კანონმდებლობიდან გამომდინარე, კომიტეტმა, მათთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია - კომიტეტის დასკვნა ბიუროს წარედგინება.
კანონმდებლებმა განიხილეს და უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისთვის, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნიეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
კანონის პროექტი, სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსმა - ჯაბა სურმანიძემ წარმოადგინა.