01 ივლისი

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. ტრადიციულად, მე-10 ნავმისადგომთან შეკრებილ გამოცდილ და მომავალ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს: საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ხელმძღვანელმა - არსენიო დომინგესმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა - ალექსი ახვლედიანმა.

საზეიმო ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, საქართველოს, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზღვაო სფეროს წარმომდგენლებთან ერთად დაესწრო .

პროფესიულ დღესასწაულზე, ტრადიციულად, „მეზღვაურთა ფიცი“დადეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტებმა. საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წელსაც დაჯილდოვდნენ მეზღვაურები - საზღვაო დარგის წარმომადგენლები, შორეული ნაოსნობის კაპიტნები, პედაგოგები.

ზღვაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ადამიანების გადარჩენისთვის დაჯილდოვდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი თენგიზ კვირიკაძე. საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას და ტრადიციულად, ზღვაში სამგლოვიარო გვირგვინი ჩაუშვეს. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ჩვენს ქვეყანაში 2011 წლიდან აღინიშნება.