აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - დავით თედორაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ რევაზ სტურუას აუდიტორიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
რევაზ სტურუა იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი და საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. ცნობილმა მეცნიერმა უდიდესი წვლილი შეიტანა ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის განვითარების საქმეში. გარდა ამისა, გახლდათ პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი, 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, მათ შორის 4 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიისა და 16 გამოგონების ავტორი.
რევაზ სტურუას აუდიტორიის გასხნის პარალელურად, გაიმართა არქიტექტურისა და მშენებლობის სპეციალობის სტუდენტთა საკურსო ნამუშევრების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შექმნილი შენობების მაკეტები, პლანშეტები და არქიტექტურული კომპოზიციები.
ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.