23 ივნისი

    ქობულეთის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი ცეცხლაძესთან  და სურსათის ეროვნული სააგენტოს, ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსთან, დავით აშორდიასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ.

    ცოტნე ანანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა და მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა თერმული ნისლით და ცივი შესხურების მეთოდით, ამ ეტაპზე 10 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.

     სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ამ დროისთვის, ე.წ. თერმული ნისლით - 2520 ჰექტარი, ხოლო ცივი შესხურებით - 272 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. ამასთან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები, სახელმწიფოს მხრიდან, ინტენსიურად გაგრძელდება.