საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოუსმინეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, თინათინ ზოიძემ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება 4 პრიორიტეტული მიმართულებით მუშაობს, ესენია: რეგიონის პოპულარიზაცია, მარკეტინგი, ტურიზმის (შიდა) სტიმულირება და განვითარება, ტურისტული პროდუქტების განვითარება და სერვისის განვითარების ხელშეწყობა. 2024 წელი გამორჩეული იყო მზარდი დინამიკით და რეგიონში 4,7 მილიონი ვიზიტი განხორციელდა, 44 %-ით გაიზარდა მაღალმთიანი აჭარით დაინტერესება (422 000 ვიზიტი), ფრენების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა ტურისტული ბაზრის არეალი და შიდა ტურისტული ნაკადი (2 მილიონამდე ვიზიტი). ჯამში, შარშან, 7,3 %-ით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
უწყების ბიუჯეტი წელსაც მზარდია და 20 მილიონი 494 ათასი ლარს შეადგენს. ამასთან, პირველ კვარტალში გაზრდილი შიდა და გარე ვიზიტების რაოდენობა დადებით მოლოდინებს აჩენს.
რეგიონში მიმდინარე პროექტებზე, ტურისტულ პროდუქტებზე, სიახლეებსა და სეზონის მოლოდინებზე საუბრის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.