18 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - სულხან თამაზაშვილის ანგარიშს მოისმენენ. ანგარიშის წარდგენის თარიღი, მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.
ამავე სხდომაზე, განისაზღვრა 19 ივნისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტიც. კანონმდებლები ორი კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ - სხდომაზე, რომლითაც 2025 წლის საგაზაფხულო სესია დაიხურება, მოხსენებებს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები - ფრიდონ ფუტკარაძე და მამუკა თურმანიძე წარმოადგენენ.