საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, მოხსენებით ,,ბათუმის ბულვარის“ დირექტორი - ლაშა მიქელაძე წარდგა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეგიონის ყველაზე დიდ ტურისტულ ლოკაციას - ბათუმის ბულვარს, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს. 2024 წელს, უწყების ბიუჯეტი 14 მილიონ 980 ათას ლარს აჭარბებდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო, გამწვანების სამუშაოები, განახლდა ცალკეული ლოკაციები, სპორტული, საპლაჟო ინფრასტრუქტურა და ა.შ.
ლაშა მიქელაძის განცხადებით, ყველა პროექტი ხორციელდებოდა და ხორციელდება ქალაქის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გენერალური გეგმის მიხედვით. გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი კი სკეიტპარკია, რომელიც ახალ ბულვარში მოეწყო. სპორტულმა ობიექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო ლიცენზია, რაც მსოფლიო დონის ტურნირების მოწყობის საშუალებას იძლევა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო გამოფენებზე, ფესტივალებსა და კონფერენციებზე, რომელთა მიზანი ბათუმის ბულვარის, რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა.
მომხსენებელმა ისაუბრა 2025 წლის ტურისტული სეზონისთვის განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე სიახლეებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის ღონისძიებებზე. კანონმდებელები გაეცნენ განახლებულ საიტსაც, რომელიც 360-გრადუსიანი პანორამული ფოტოებით ბათუმის ბულვარის ონლაინ დათვალიერების საშუალებას იძლევა.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.