აჭარის მაღალმთიანეთში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული დღესასწაული - „სელიმობა“ აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებები, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულიდან დაიწყო.
ადგილობრივებს, „სელიმობა“, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, მაღალმთიანი აჭარის დელეგატმა უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. შეკრებილებმა ყვავილებით შეამკეს გმირი მამულიშვილის საფლავი.
კულტურულ-ეთნოგრაფიული ღონისძიებების პარალელურად, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის პრემიით, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილის, აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისთვის დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა და ფრიდონ ფუტკარაძემ სამხატვრო სკოლის დირექტორი, მხატვარი - გურამ ფუტკარაძე, ბსუ-ს პროფესორი - ზაზა შაშიკაძე და ნიგაზეულის სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი - ელგუჯა ხიმშიაშვილი დააჯილდოვეს.
„სელიმობა“ საზეიმო ღონისძიებებით გაგრძელდა, რომელშიც შუახევისა და ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, გოგონათა ბენდი „ 117“ მონაწილეობდნენ. ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი, სტუმრების წინაშე ფრიდონ ხალვაშის ისტორიული დრამის, „ხიხანის ძახილის“ მიხედვით მომზადებული ინსცენირებით წარდგნენ.
სახალხო დღესასწაულს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამეცნიერო წრეების, საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.