აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია უძღვებოდა.
სხდომის დაწყებამდე, პარლამენტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძესა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ბაციკაძესა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. კანონმდებლებმა, რეგიონში კულტურის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და აქტიური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ სხდომამდე, პარლამენტის წევრები აჭარის კულტურის სამინისტროს ეწვივნენ. მინისტრთან - ელისო ბოლქვაძესთან და სამინისტროს გუნდთან გამართულ შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროს პრიორიტეტებზე, სამომავლო სტრატეგიულ მიმართულებებსა და ღონისძიებებზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ გასვლით სხდომაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ, UNESCO-ს მიერ ბათუმისათვის „მუსიკის ქალაქის“ სტატუსის მინიჭებისა და აჭარის კულტურის სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა - ელისო ბოლქვაძემ წარმოადგინა.
კომიტეტმა მოიწონა და მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრის - არჩილ ბერიძის ინიციატივას, რომელიც 2025 წელს, ქალაქ ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადებასა და ბეშუმის მუსიკალური ფესტივალის დაარსებას ითვალისწინებს.
სსიპ - ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, კანონდებლებს, ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა - ზვიად ბოლქვაძემ გააცნო.
სხდომის მონაწილეებმა, აჭარის მუნიციპალიტეტებში კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან მოისმინეს.