აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს - ჯაბა ფუტკარაძემ, „მინისტრის საათის“ ფორმატში, უწყების 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, 2025 წელს მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, გასული წელი, წარმატებული იყო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რაც საბიუჯეტო პარამეტრებზეც აისახა. საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები - 91,8, შემოსავლების ნაწილი - 105,3, ხოლო გადასახადების ნაწილი - 106 %-ით შესრულდა.
ცალკეული სამინისტროებისა და უწყებების საბიუჯეტო პარამეტრების, რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, მაღალმთიანეთის გაზიფიცირების, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპისა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე.
მინისტრის შემდეგ, სხდომაზე, თანამოხსენებები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ და აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - კახაბერ კირტავამ.
2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების, ღონისძიებებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა, უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი შეფასებები.
როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ „მინისტრის საათის“ შეჯამებისას აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში, აღნიშნულ ფორმატში, დასრულდა მინისტრების მოსმენები, რამაც, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის დაბალანსებული ურთიერთობის ერთ-ერთმა ინსტრუმენტმა, თავისი დადებითი როლი შეასრულა.
სხდომაზე, ასევე განიხილეს და დაამტკიცეს უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი. დადგენილების პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.
კანონმდებლებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები. მოხსენებები, სხდომაზე, ამავე კომიტეტების თავმჯდომარეებმა - დავით ბაციკაძემ და ვახტანგ ბერიძემ წარმოადგინეს.
რიგგარეშე პლენარულ სხდომას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.