აჭარის უმაღლესი საბჭოს 28 მაისის რიგგარეშე პლენარული სხდომის მეორე ნაწილი კულტურის მინისტრს დაეთმო - ელისო ბოლქვაძემ, ,,მინისტრის საათის” ფორმატში, სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად 2025 წლის 1 მარტიდან ჩამოყალიბდა, რაც მნიშვნელოვანი განაცხადია რეგიონში კულტურის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით. უწყების ბიუჯეტი 43 მილიონ 522 ათასი ლარია, საიდანაც 41 მილიონზე მეტი სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებაზეა განსაზღვრული. სამინისტროს დაქვემდებარებაშია ცხრა სსიპ-ი და ცხრა ა(ა)იპ-ი.
ელისო ბოლქვაძის განცხადებით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია რეგიონში, წელიწადის ოთხივე სეზონზე, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფა.
სამინისტროს პრიორიტეტებია: რეგიონის უნიკალური თვითმყოფადი კულტურის შენარჩუნება და გაძლიერება, მულტიკულტურული გარემოს დაცვა და აჭარის წარმოჩენა მსოფლიო რუკაზე, ნიჭიერი და შემოქმედებითი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა და წარმოჩენა, საპილოტე ექსპერიმენტული სკოლის კონცეფციის შემუშავება, აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შექმნა, კულტურული ღონისძიებების სეზონური და წლიური კალენდარი, მთაში კულტურის პოლიტიკის გაძლიერება, აჭარის ფოლკლორის ცენტრის შექმნა, კულტურის დიპლომატია და კულტურული დიალოგი - შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის.
საბიუჯეტო პარამეტრების, სამოქმედო გეგმის, მიზნებისა და ამოცანების წარდგენის შემდეგ, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.