28 მაისი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ,,მინისტრის საათის” ფორმატში, განათლებისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს - მაია ხაჯიშვილი 2024 წელს გაწეული საქმიანობის, 2025 წელს მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენებით წარდგა.

   მისი განცხადებით, უწყების 2024 წლის დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენდა 142 636 700 ლარს, 2025 წლის ბიუჯეტი კი, 154 000 000 ლარით განისაზღვრა. როგორც ცნობილია, სამინისტროს გაყოფის შემდეგ, ცალკე შეიქმნა კულტურის სამინისტრო, ხოლო აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 116 319 000 ლარით განისაზღვრა.

   უწყება ორიენტირებულია რეგიონში განათლების ხარისხის ზრდაზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.

   საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა შარშან, 2025 წელს კი, გათვალიწინებულია 30 სკოლის მშენებლობა და 70-ის სრული/ნაწილობრივი რეაბილიტაცია. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გრძელდება მასწავლებელთა პროფესიული ზრდის პროგრამები, ხოლო სპორტის სფეროს დაფინანსებისთვის 18 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. იზრდება და უფრო მრავალფეროვანია ახალგაზრდების ინტერესებისა და ცოდნის რეალიზებაზე გათვლილი პროექტების რაოდენობაც.

  მაია ხაჯიშვილმა, ასევე ისაუბრა სამინისტროს გაყოფამდე კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე.

  მოხსენების დასრულების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა და ასევე, უმაღლესი საბჭოს პლატფორმა - chaerte.sca.ge-ის საშუალებით შემოსულ მოქალაქის კითხვებს, მოისმინა უმაღლესი საბჭოს წევრების გამოსვლები.

  პლენარულ სხდომას, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.