საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
მომხსენებელმა, კომიტეტების წევრებს, სამინისტროებისა და ცალკეული უწყებების საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლების პარალელურად, ინფორმაცია მიაწოდა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას.
ჯაბა ფუტკარაძემ, კანონმდებლებს, ასევე წარუდგინა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება. მისი განცხადებით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების პირველი კვარტლის გეგმა 89,8, შემოსავლების კი - 106,0 პროცენტით შესრულდა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 98,1 პროცენტი, მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს და 108,3 პროცენტითაა შესრულებული. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება, კანონმდებლებს, კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ გაააცნო. კომიტეტის წევრებმა ანგარიში ცნობად მიიღეს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. საკითხი, კანონმდებლებს, მარინე გვიანიძემ წარუდგინა.