2025 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები - დავით ბაციკაძე და ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდნენ.
კანონმდებლების წინაშე, მოხსენებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარდგა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების პირველი კვარტლის გეგმა 89,8, შემოსავლების გეგმა კი - 106,0 პროცენტით შესრულდა. მინისტრის თქმით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 98,1 პროცენტი, მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს და 108,3 პროცენტითაა შესრულებული.
ჯაბა ფუტკარაძემ, სხდომაზე, ასევე წარმოადგინა 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
მომხსენებელმა, კომიტეტების წევრებს, სამინისტროებისა და ცალკეული უწყებების საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლების პარალელურად, ინფორმაცია მიაწოდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობაზე და უპასუხა მათ შეკითხვებს.
ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.