„საპატიო ბათუმელობა ღირსეულად განვლილი ცხოვრებისეული გზაა, ღვაწლია, რომელსაც აფასებს და არ ივიწყებს ქალაქი“,- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - რამაზ ჯინჭარაძემ „საპატიო ბათუმელთა“ და „ბათუმის საპატიო მოქალაქეთა“ დაჯილდოებისას.
ღვაწლმოსილი ბათუმელები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში, არჩილ ბერიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. წელს, საპატიო წოდებები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 18 ადამიანს მიენიჭა.
საზეიმო ცერემონია, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ტრადიციულად, „ბათუმობა 2025-ის“, ფარგლებში გაიმართა.
ქალაქის მთავარი დღესასწაული, 4 მაისს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაგრძელდა. ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ, ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენას, გასტრონომიულ კუთხეს უამრავი მნახველი ესტუმრა.
მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა კულტურული პროგრამაც - პატარებისთვის სპექტაკლი გამართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები და ანსამბლები.
„ბათუმობა 2025“ გალაკონცერტით დასრულდა.