აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა, ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სტუდენტებს საგრანტო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გოგი ფუტკარაძემ, როგორც განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულმა და სტიპენდიანტმა, ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ცენტრის პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამებს, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ, სამეცნიერო-კვლევით, ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, სახელმწიფოს მხარდაჭერით, სწავლა განაგრძონ ან კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა თუ კვლევით ცენტრებში. ყურადღება გამახვილდა განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალ პროგრამაზე - „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის“, რომლის განხორციელებაც 2024 წლიდან დაიწყო.
შეხვედრის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების საერთაშორისო ცენტრსა შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა.