17 აპრილი

უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს - ზაზა შავაძემ სამინისტროს 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და მიმდინარე სამეურნეო წლის პროგრამებზე ისაუბრა.
მომხსენებლის განცხადებით, უწყების მზარდი ბიუჯეტი ორიენტირებულია აგროსექტორის მდგრად განვითარებაზე, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.

ზაზა შავაძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით გაზრდილი 2025 წლის ბიუჯეტი, 36 820 550 ლარია და მოიცავს 16 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას. სამინისტრო განახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც არანაკლებ 2500 პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს. ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, წელსაც გაგრძელდა სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასოდ დამუშავებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები. მინისტრმა, ასევე ვრცლად ისაუბრა საქვეუწყებო დაწესებულებების პრიორიტეტებსა და განხორციელებულ პროექტებზე, უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. წარმოდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს.

კანონმდებლებმა, ასევე მოისმინეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს ორი დარგობრივი კომიტეტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. მოხსენებები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და მარინე გვიანიძემ წარმოადგინეს.
სხდომაზე იმყოფებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც დასწრება პლატფორმა chaerte.sca.ge-ის მეშვეობით დაჯავშნეს. სხდომამდე, ახალგაზრდები გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურასა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, დაათვალიერეს უმაღლესი საბჭოს შენობა.