16 აპრილი

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - სულხან თამაზაშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რუსთაველის ქუჩაზე - დემეტრე თავდადებულიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება. მეორე ეტაპზე კი გათვალისწინებულია დემეტრე თავდადებულიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე (საბაგირომდე) მონაკვეთისა და გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები ზაფხულის სეზონის შემდეგ დაიწყება.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მე-6 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო და ენერგოეფექტურად გარდაქმნისა და ივანე მესხის ქუჩაზე ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები. მე-6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მუნიციპალური ფონდის მიერ ხორციელდება. ბათუმში, ჯამში, 9 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია და 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.