აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტებს უმასპინძლეს.
შეხვედრა, რომელიც უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის, როგორც მზარდი ტურისტული მიმართულებისთვის, მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო. საკანონმდებლო ბაზა, კომპეტენციები, ტურიზმის სახეობები, თავისებურებები, ბუნებრივი, ისტორიულ-კულტურული, სოციალურ-საყოფაცხოვრებო რესურსები, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე დამკვიდრების გზები, ახალგაზრდობის ჩართულობა, ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები სტუდენტებმა უმაღლესი საბჭოს წევრებისგან მიიღეს.
როგორც ინვესტორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ აღინიშნა, ტურიზმის ფაკულტეტების 40-მდე სტუდენტი, ასოციაციაში სტაჟირების პარალელურად, ჩართულია ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა - EBIT 2025-ის საორგანიზაციო პროცესში, რომელიც ბათუმში 9-11 მაისს გაიმართება.