აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ტრენინგების მონაწილე პედაგოგთა სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.
პროგრამა, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს, ამჟამადაც აქტიურად მიმდინარეობს და ჯამში, 7000-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული, მათ შორის 600 მეტი - აჭარიდან. ცენტრში მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელოც, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.
ამავე პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ მდგრადი განვითარების, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსების, ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ.
ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა, პროგრამის ფარგლებში მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო და სერტიფიკატი 153-ზე მეტ მასწავლებელს გადაეცა.