06 აპრილი

      აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილი სულხან თამაზაშვილის კანდიდატურისა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურების მოსმენა დასრულდა -  მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა. ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის  მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

      კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ექვსივე დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

     დღესვე, საკანონმდებლო ორგანოში, გაიმართა ბიუროს სხდომა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის ახალი თავმჯდომარისა და მინისტრობის კანდიდატთა დამტკიცების საკითხის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გატანას.

     ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

      საკითხები სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა - მამუკა თურმანიძემ და მარინე გვიანიძემ წარმოადგინეს.