05 აპრილი

       უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.

     მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარის უმაღლეს საბჭოს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი კობახიძის თანახელმოწერის საფუძველზე, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, აჭარის უმაღლეს საბჭოში, გუშინვე შემოვიდა შესაბამისი წერილი და დაიწყო პროცედურები. დავით გაბაიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტი უცვლელი შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

      შესაბამისი კანონმდებლობით გაწერილი პროცედურებით, საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საკითხი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გავა და  მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურებს ერთიანად ეყრება კენჭი. 

      ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში ჩაეშვა, განისაზღვრა განხილვის ვადები.