აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
ივანე მესხის ქუჩის პირველ ჩიხში შენდება 2-სართულიანი, 120 აღსაზრდელზე გათვლილი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი. ჩასხმულია შენობის საძირკველი და შენდება პირველი სართულის კონსტრუქცია. ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე და ბავშვთა გასართობი მოედნები. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.
პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ივანე მესხის ქუჩის კეთილმოწყობა. პროექტი, რომელიც 2026 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს, სანიაღვრე სისტემის, გზისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.