აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - რამაზ ჯინჭარაძემ, დავით ბაციკაძემ და მარინე გვიანიძემ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს ბათუმისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას. მათ თავისუფლების მოედანზე მდებარე გმირთა საფლავები ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
23 მარტი ბათუმისათვის ბრძოლებში გმირულად დაღუპულთა ხსოვნის დღეა. 104 წლის წინ, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საჯარისო ნაწილების მებრძოლთა თავდადებით, დედასამშობლოს ბათუმი, აჭარა დაუბრუნდა. თუმცა, გმირთა საფლავები წლების განმავლობაში ასფალტის სქელი ფენით იყო დაფარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში პატრიოტთა ერთმა ჯგუფმა, დაღუპულთა საძმო საფლავის დასადგენად, ბრძოლის სავარაუდო ადგილის - ბათუმის ცენტრალური მოედნის გათხრა მოითხოვა. აქ აღმოჩენილი გმირთა ნეშტები პატივითა და დიდებით დაკრძალეს საძმო საფლავში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ყოველ წელს იკრიბებიან ბათუმელები და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის გულშემატკივრები.