აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ცოტნე ანანიძე და დავით ბაციკაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში მოწყობილ ხელოვნების სივრცეს ესტუმრნენ.
კანონმდებელთა განცხადებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, განათლებისა და სპორტის სამინისტრო, სსსმ მოსწავლეებისათვის, მათი მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა ინკლუზიური განათლების ცენტრებიც.
ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში მოქმედ ცენტრში მოწყობილია სახვითი ხელოვნების, გამოყენებითი ქსოვილების, კერამიკისა და რესურსოთახის სივრცეები, რომლებიც ბენეფიციართა საჭიროებებზეა გათვალილი და მათი განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
ცენტრის დათვალიერების პარალელურად, სტუმრები შეხვდნენ და გაესაუბრნენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.