20 მარტი

უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძესა და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარეს, პარმენ ჯალაღონიას მოუსმინეს.

ნინო ნიჟარაძე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით წარდგა და კანონმდებლებს, სამინისტროს გასული წლის პროგრამული სიახლეების, მზარდი ბიუჯეტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა 2025 წლის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე.

მინისტრის განცხადებით, უწყების 2024 წლის ბიუჯეტი 99,5%-თ შესრულდა,  ხოლო 2025 წლის ბიუჯეტი 23.9%-ით გაიზარდა და 80 მილიონ 500 000 ლარს შეადგენს. აქედან ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით - 44 მილიონ 255 460, ხოლო სოციალური დაცვის მიმართულებით 25 მილიონ 549 770 ლარი დაიხარჯება. მინისტრის თქმით, სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებები 39 პროგრამას ახორციელებენ.

სხდომაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ 2024-2025 წლებში სამინისტროს პროგრამებით ჯამში 90 946 მოქალაქემ ისარგებლა. მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი მოსაზრებები.

წარმოდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს.

კანონმდებლებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას ანგარიში მოისმინეს.

მომხსენებლის განცხადებით, 2024 წლის არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონულად და აჭარაში არსებული 317 უბნიდან, ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა 251 უბანზე, ხოლო 66 უბანზე ტრადიციული მეთოდით განხორციელდა. უსკოში რეგისტრირებული 14 პოლიტიკური სუბიექტიდან, არჩევნებში მონაწილეობდა - 11,  სამს კი, კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო, რეგისტრაცია გაუუქმდა. არჩევნებს აკვირდებოდა უსკოში რეგისტრირებული - 7 და ცესკოს რეგისტრაციის მქონე არაერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.  აჭარაში მცხოვრები 317 119 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობდა 201 572 მოქალაქე, ხოლო საარჩევნო კომისიებში შევიდა 200-მდე განცხადება და საჩივარი, რომელთაგან 36 ნაწილობრივ, 4 კი სრულად დაკმაყოფილდა. უსკოს საჩივრით მიმართა „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა საჩივარი არც უსკოში და არც სასამართლო ინსტანციებში არ დაკმაყოფილდა.

21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში, უმრავლესობა, ანუ 13 მანდატი, „ქართული ოცნების“ გუნდმა მიიღო (ხმების 57,45%), 4 მანდატი ჰქონდა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ (14,26%), თითო მანდატი ერგოთ - „კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროასა“( 8,4%) და „ძლიერი საქართველო - ლელოს“(6,32), 2 მანდატი მიიღო „გახარია საქართველოსთვის“ (8,63 %) პოლიტიკურმა პარტიამ. ჯამში, არჩევნების შედეგებით,  5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა საარჩევნო ბარიერი და მოიპოვა მიღებული ხმების შესაბამისი მანდატების რაოდენობა.

 მოხსენების დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

განცხადებები

დღის წესრიგი