უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, 6 საკითხი განიხილეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, 20 მარტის პლენარულ სხდომაზე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ანგარიშს მოისმენენ. საკითხი ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარუდგინა.
უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისთვის მომზადებულია საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების ანგარიშები 2024 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, ხოლო კომიტეტების 2025 წლის სამოქმედო გეგმები, ბიურომ ცნობად მიიღო.
სხდომაზე დამტკიცდა 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე „მინისტრის საათის“ განრიგის ცვლილება, რომელიც აჭარაში მეხუთე - კულტურის სამინისტროს ამოქმედებითაა განპირობებული. ცვლილების თანახმად, კანონმდებლები განათლებისა და სპორტის, ასევე კულტურის მინისტრებს, აღნიშნულ ფორმატში, 15 მაისს მოუსმენენ.
სხდომაზე განისაზღრა ,,მინისტრის საათის“ დროს პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთა თანმიმდევრობა და 20 მარტის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
ბიუროს დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარმოადგინა.