12 მარტი

2025 წლის სამოქმედო გეგმები და 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და   ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტებში. შესაბამისი მოხსენებები, ორივე სხდომაზე, ამავე კომიტეტების თავმჯდომარეებმა - ვახტანგ ბერიძემ და ცოტნე ანანიძემ წარმოადგინეს.

როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, 2025 წლის სამოქმედო გეგმები, უპირველესად, მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული. ამასთან, გასული წლის სამოქმედო გეგმებიც სწორედ ამ უმთავრესი პრინციპის შესაბამისად მომზადდა. საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის პარალელურად, გაიმართა არაერთი გასვლითი სხდომა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, მუნიციპალიტეტებში დაიგეგმა  სამედიცინო აქციები - ასეულობით  ჩვენს თანამოქალაქეს ჩაუტარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევები. კომიტეტი, მოსახლეობის საჭიროებების უკეთ შესწავლისა და მათზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, 2025 წელს საქმიან შეხვედრებს გეგმავს ყველა მუნიციპალიტეტში.

ცოტნე ანანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა     კომიტეტი 4 ძირითადი - კანონშემოქმედებითი საქმიანობის, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია-თანამშრომლობისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით გეგმავს მუშაობას. ამასთან, საზოგადოებისა და სხვადასხვა ინსტიტუციის ფართო ჩართულობით იყო მომზადებული კომიტეტის გასული წლის გეგმაც, რომელიც  ითვალისწინებდა ყოველდღიურ აქტივობებსა და თემატურ კვლევებს.

კომიტეტებმა წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს და მხარი დაუჭირეს გასული წლის საქმიანობის ანგარიშებთან დაკავშირებით შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.