საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მამუკა თურმანიძე უძღვებოდა, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარეს მოუსმინეს - პარმენ ჯალაღონიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2024 წლის არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონულად და აჭარაში არსებული 317 უბნიდან, ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა 251 უბანზე, ხოლო 66 უბანზე ტრადიციული მეთოდით განხორციელდა. ანგარიშის თანახმად, უსკოში რეგისტრირებული 14 პოლიტიკური სუბიექტიდან, არჩევნებში მონაწილეობდა - 11, სამს კი, კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო, რეგისტრაცია გაუუქმდა. არჩევნებს აკვირდებოდა უსკოში რეგისტრირებული - 7 და ცესკოს რეგისტრაციის მქონე არაერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. აჭარაში მცხოვრები 317 119 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობდა 201 572 მოქალაქე, ხოლო საარჩევნო კომისიებში შევიდა 200-მდე განცხადება და საჩივარი, რომელთაგან 36 ნაწილობრივ, 4 კი სრულად დაკმაყოფილდა. უსკოს საჩივრით მიმართა „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა საჩივარი არც უსკოში და არც სასამართლო ინსტანციებში არ დაკმაყოფილდა.
21-წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში, უმრავლესობა, ანუ 13 მანდატი, „ქართული ოცნების“ გუნდმა მიიღო (ხმების 57,45%), 4 მანდატი ჰქონდა „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ (14,26%), თითო მანდატი ერგოთ - „კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროასა“( 8,4%) და „ძლიერი საქართველო - ლელოს“(6,32), 2 მანდატი მიიღო „გახარია საქართველოსთვის“ (8,63 %) პოლიტიკურმა პარტიამ. ჯამში, არჩევნების შედეგებით, 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა საარჩევნო ბარიერი და მოიპოვა მიღებული ხმების შესაბამისი მანდატების რაოდენობა.
დეტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარმენ ჯალაღონიამ უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. კომიტეტმა ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია და მხარი დაუჭირა შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.
სხდომაზე ასევე განიხილეს და დაამტკიცეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ - მამუკა თურმანიძემ წარმოადგინა.