უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ბერიძე, ამავე კომიტეტის წევრი - ფატი ხალვაში და აპარატის წარმომადგენლები იაპონური კომპანია ‘’Digital Knowledge-ის“ და კომპანია „Vitaars-ის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც მედიცინის დოქტორის, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებათა საკონსულტაციო სააგენტოს დირექტორისა და უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრის - ნინო ქაჯაიას ინიციატივით გაიმართა, საქართველოში იაპონური კომპანიის პროექტების საორგანიზაციო საკითხებს დაეთმო.
"Digital Knowledge“, რომელიც დისტანციური სწავლების შემქმნელი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა იაპონიაში, ორი წელია თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან. როგორც საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა - გიოდა იოშიჰირომ, ნგვინთი თუ თაომ და იაპონური მედიცინის ექსპერტმა იჩიმურა კენჯიმ აღნიშნეს, კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები იმყოფებოდნენ საქართველოს სხვადასხვა კლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებებში, შეისწავლეს სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევები და მუშაობენ მათი გადაჭრის გზებზე ICT- ის გამოყენებით.
პროექტი, რომელზეც შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება, ექთნების უწყვეტი განათლების პლატფორმის შექმნასა და მათთვის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ დისტანციურ ტრენინგ-კურსებს ითვალისწინებს. საპილოტე პროექტი, რომელიც აჭარაში, თბილისსა და რუსთავში განხორციელდება, პირველ ეტაპზე კვლევებს დაეთმობა.
პროექტის წინა, მოსამზადებელი ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების განხილვის პარალელურად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებს.