25 თებერვალი

უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.  

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები, ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით) განიხილება. საკითხები ბიუროს წევრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ წარუდგინა.

უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კორექტირებული ბიუჯეტის კანონის პროექტი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა სირაბიძემ წარმოადგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, უახლოეს პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, კანდიდატების მოსმენის შემდეგ, კომიტეტმა მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციები და საკითხი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

სხდომაზე კენჭი უყარეს და განსაზღვრეს უმაღლესი საბჭოს 2025 წლის საგაზაფხულო სესიაზე „მინისტრის საათის“ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების) განრიგიც, რომელიც ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ გააცნო.

სხდომის ბოლოს, ბიურომ ცნობად მიიღო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დავით თედორაძის არჩევის შესახებ დავით ბაციკაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

განცხადებები